English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურთაზ კვირკვაია ვასილ კიკუტაძე დავით სიხარულიძე შოთა შაბურიშვილი ვახტანგ ჭარაია
ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო[1]

რეზიუმე

დიდი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო პროფესიული ორიენტაციის პრობლემები მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი ზრუნვის საგანია.სტატიაში გაანალიზებულია პროფესიული ორიენტაციის კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომლებიც განსაზღვრავს ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ძირითად ჩარჩოებს მთელ მსოფლიოში. გამოვლენილია საქართველოში პროფესიული ორიენტაციის სფეროში არსებული პრობლემები, რაც, რიგ შემთხვევაში, ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ძირითადი ფაქტორია.

 საკვანძო სიტყვები პროფესიული ორიენტაცია; კარიერიერის დაგეგმვა; შრომის ბაზარი; განათლება; დასაქმება.

შესავალი

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პროფესიული ორიენტაციისადმი მოთხოვნილება გაჩნდა, რაც ძირითადად დასაქმებული ახალგაზრდების ხელშეწყობასა და ხელსაყრელი პროფესიის დაუფლებას ისახავდა მიზნად. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნებში პროფესიული ორიენტაცია განსხვავებულად ესმოდათ, მათი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების მოდელის, მენტალიტეტისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა ამოსავალი წერტილი საერთო იყო - დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოსთვის პროფესიული ორიენტაციის საკითხი ერთ-ერთი უმწვავესია, თუმცა საზოგადოება სათანადოდ ვერ აღიქვამს არასწორ პროფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ნეგატიურ შედეგებს. პროფესიის არასწორი არჩევა, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკის ახალი საწარმოო სიმძლავრეების სათანადო სამუშაო ძალით უზრუნველყოფის პრობლემაში ვლინდება. საქართველოში უმუშევრობის არსებული მაღალი დონის პირობებში (ოფიციალური სტატისტიკით ბოლო წლებში დაახლოებით 14 პროცენტის ფარგლებში), როდესაც ასიათასობით ადამიანი უმუშევარია, დამსაქმებლები ვერ პოულობენ ვაკანტური სამუშაო ადგილებისთვის შესაფერის კადრებს, შესაბამისად, სწორი პროფესიული ორიენტაცია იძენს აქტუალურ მნიშვნელობას.

......

უცხოელი სპეციალისტების აზრით, პროფესიული ორიენტაცია წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც მოიცავს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების პროფესიულ ორიენტაციას, კონსულტირებას, შერჩევასა და გადარჩევას, საწყის დასაქმებასა და პროფესიულ ადაპტაციას. სისტემის ყველა შემადგენელი ორიენტირებულია შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებზე და ხელს უწყობს პროფესიისა და პროფესიული მომზადების პროფილის სწორად შერჩევას, ასევე ეფექტიან, პროფესიულ განვითარებას [OECD, 2014: 8]. პროფესიული ორიენტაცია მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთა შორის პროფესიის არჩევის პროცესს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებისეული გზის მონაკვეთს, გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც განსაზღვრავს მის შემდგომ პროფესიულ ბედს. პროფესიის არჩევის პროცესი  ყოველთვის კრიტიკული მომენტია პიროვნების ცხოვრებაში და ის საჭიროებს განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. სწორედ ასეთი მხარდაჭერის აღმოჩენას ითვალისწინებს პროფესიული ორიენტაციის სისტემის მუშაობა. პროფესიულ ორიენტაციას არაერთი თეორია ეძღვნება, რომელიც ამ პრობლემის ცალკეულ ასპექტებს ასახავს. ჯონ ჰოლანდის თეორიის მიხედვით, პროფესიული ორიენტაციისას ადამიანებს ურჩევნიათ იმუშაონ მსგავს პიროვნებებთან ერთად. ისინი ეძებენ ისეთ სამუშაო ადგილს, სადაც გამოიყენებენ საკუთარ უნარ-ჩვევებს და გამოხატავენ თავის დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს. ჰოლანდმა გამოყო ადამიანის ექვსი ტიპი: პრაგმატული; ცნობისმოყვარე; არტისტული; სოციალური; ინიციატორი; ტრადიციული. ადამიანი უფრო წარმატებული და კმაყოფილი იქნება თუ თავის პიროვნულ ნიშან-თვისებებთან შესაბამის სამუშაო გარემოს აირჩევს [Holland, 1997]. ალბერტ ბანდურას კოგნიტური თეორიის მიხედვით, პროფესიულ ორიენტაციას  სხვა პირებზე დაკვირვება განსაზღვრავს. ადამიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე, ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებსაც პრესტიჟულად და მიმზიდველად თვლიან [York University, 2008]. ფრენკ პარსონის იდეის მიხედვით, უნდა მოხდეს პროფესიული მოთხოვნილებებისა და პიროვნული მახასიათებლების ერთმანეთთან დაკავშირება, პიროვნება თავს უკეთესად წარმოაჩენს თუ მისი სამსახური მის უნარ-ჩვევებს შეესაბამება [Parsons, 2008]. პროფესიული ორიენტაციის პირველი სამსახურები მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში გაჩნდა. თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს პროფესიული ორიენტაციის სამსახურების ფართო ქსელი.

პროფესიული ორიენტაციის პიონერია აშშ, ქ. ბოსტონში უკვე 1908 წელს პირველი „პროფესიული კონსულტაციის ბიურო“ ფუნქციონირებდა [Jeckson, 2010:18]. თანამედროვე ამერიკული მოდელის თავისებურება ისაა, რომ სახელმწიფო დასაქმების ცენტრებთან ერთად წარმატებით ფუნქციონირებს პროფესიული ორიენტაციის კერძო სისტემაც. პირველი უფასოა და შრომის სამინისტროს მიერ იმართება, უკანასკნელი კი კომერციულ საწყისებზე ფუნქციონირებს. ამერიკული მოდელის წარმატება მის მრავალფეროვნებაშია, აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ადამიანს სკოლის მერხიდან ეძლევა შესაძლებლობა, გააანალიზოს თავისი მომავალი პროფესიის დადებითი და უარყოფითი  მხარეები. ამერიკული მოდელის წარმატებას არსებითად განაპირობებს პროფესიული ორიენტაციის საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირება, სადაც დეტალურადაა მოცემული შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცალკეული ვაკანსიებისა და პროფესიების.

ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოში გერმანიას უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების ხელშეწყობაში ქვეყანა მუდამ მოწინავეა. გერმანიის საგანმანათლებლო სისტემა გამორჩეულია მსოფლიოში. მას საკმაოდ მძლავრი და მრავალმხრივი სტრუქტურირებული პროფესიული განვითარებისა და ორიენტაციის სისტემა გააჩნია. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური კადრების მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებისათვის გერმანიის კანონმდებლობით ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია, სასწავლო გეგმებში შეიტანოს პროფესიული ორიენტაციის კურსი. შრომის ბაზრის სახელმწიფო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, რათა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის პრაქტიკულ სამუშაოებში, მიიღონ გამოცდილება და გაერკვნენ თუ რომელი პროფესიაა უფრო მიმზიდველი [Ebbinghaus, 2006: 4]. ეს მეთოდი იძლევა დროის, ენერგიისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის საშუალებას, ასევე ეფექტიანად აკავშირებს ახალგაზრდებს მათ პოტენციურ დამსაქმებელ კომპანიებთან. გერმანიაში ფართოდაა გავრცელებული პროფესიული ორიენტაციის ცენტრების უნივერსიტეტის ფარგლებში დაარსებაც, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული მისწრაფებები და წარმატებულად დასაქმდნენ. გერმანული მოდელის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რეაქტივაცია და მათი სრულფასოვანი დაბრუნება სამუშაო პროცესში.

ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავედ, გერმანულთან ერთად, ფრანგული მოდელია მიჩნეული. ის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და სამინისტროების ერთობლივი მოქმედებით ხასიათდება. განათლებისა და პროფესიის ეროვნული საინფორმაციო ბიურო (ONISEP) თავის საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-მდე წარმომადგენლობის მეშვეობით ახორციელებს. ONISEP-ი მსურველებს ეხმარება ინფორმაციის მოძიებაში, შრომისა და დასაქმების ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე, პროფესიულ სასწავლებლებსა და იქ მოხვედრის წესებზე [Turchina, 2013: 220]. პროფესიული ორიენტაციის ფრანგულ მოდელში სახელმწიფო სტუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ მშობელთა კავშირებთან, დასაქმების ბირჟებთან, პროფესიული მომზადებისა და საინფორმაციო ცენტრებთან. ფრანგული მოდელის ხიბლი მის ეფექტიან სახელმწიფო რეგულირებაშია, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების დახმარებით ეფექტიან გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე  მათი მომავალი პროფესიების არჩევის დროს.

დიდ ბრიტანეთში პროფესიული ორიენტაციის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს, რაც ეკონომიკური პრობლემებითა და უმუშევრობის ზრდით იყო განპირობებული. 1973 წელს გამოვიდა სპეციალური კანონი, რომლის თანახმად, პროფესიული ორიენტაცია უნდა ყოფილიყო მოსწავლის თანამგზავრი განათლების მიღების მთელ პროცესში, რაც სპეციალური კურსების ორგანიზებაში გამოიხატებოდა. დიდ ბრიტანეთში არსებობს პროფესიული ორიენტაციის სპეციალური სააგენტოც, რომელიც მრავალმხრივ დახმარებას უწევს ახალგაზრდებს პრაგმატული არჩევანის გაკეთებაში [OECD]. პროფესიულ ორიენტაციაში აქტიურადაა ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიები და როლური თამაშები, რომელიც მოსწავლეს პოტენციური პროფესიის დეტალებს აცნობს. ამ მოდელის საინტერესო დეტალია სკოლებში სპეციალური მცირე საწარმოების დაფუძნება, სადაც სკოლის მოსწავლეები რეალურ პრაქტიკას გადიან და ხვეწენ თავიანთ პროდუქტსა თუ მომსახურებას.

ექსპერტების შეფასებით, ევროპაში ყველაზე დემოკრატიულს განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის დანიური სისტემა წარმოადგენს. ის ეფუძნება ახალგაზრდული განათლების ღია კონცეფციას და არაფორმალური განათლების ფასეულობებს, რომლებიც ამ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია არსებობს. მნიშვნელოვანი ყურადღება უფროსკლასელების პრაქტიკულ საქმიანობას ეთმობა, მათ მონაწილეობას მოხალისეობრივ და სოციალურ სამუშაოებში. ახალგაზრდების განათლების ღია პროგრამას არ გააჩნია მკაცრად განსაზღვრული ვადები, მეცადინეობები იწყება ჯგუფების ფორმირების შემდეგ და ხორციელდება განათლების სამინისტროს სათანადო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სასწავლო წელი 40 კვირა გრძელდება, ხოლო სასწავლო კვირა 35 საათს შეადგენს, დამოუკიდებლად მომზადებისათვის გათვალიწინებული დროის ჩათვლით. მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, პროფესიული კონსულტანტი ადგენს სწავლების ინდივიდუალურ ტრაექტორიას, რომელიც მტკიცდება ღია ახალგაზრდული განათლების გაერთიანებული საბჭოს მიერ [Федотова, 2003: 273].

ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონური მოდელი მთლიანად  საშუალო სკოლაზეა კონცენტრირებული. იაპონიაში სასკოლო განათლების ძირითად ბირთვს სწორედ პროფესიული მომზადება შეადგენს. იაპონელი სპეციალისტების აზრით, ადამიანის პროფესიული ორიენტაცია ყველაზე უკეთ არა მაღალ, არამედ საწყის კლასებში ყალიბდება და ისინი სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ აქტიურ მუშაობას. იაპონური მოდელი 4 შემადგენელს მოიცავს: პროფესიული განათლება, პროფესიული კონსულტაცია, პროფესიული გამორჩევა და პროფესიული ადაპტაცია. ყველაზე დიდი აქცენტი პროფესიულ ადაპტაციაზე  კეთდება. მოსწავლეები სავალდებულო წესით გადიან სპეციალურ სინჯებს სხვადასხვა პროფესიაში, რათა მათ შესაძლებლობებთან და სურვილთან ყველაზე ახლოს მყოფი პროფესია შეარჩიონ. იაპონური მოდელის წარმატების საიდუმლო სწორედ მის ინდივიდზე ორიენტაციაშია სკოლის დაწყებითი კლასებიდან [Shniper, 2008: 11].

პროფესიულ ორიენტაციაზე მიმართული საქმიანობა ჩინეთში მოსწავლეების საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზეა ორიენტირებული [Кожевникова, 2009: 154]. სკოლებში გახსნილია უცხოური წარმომადგენლობები, რომლებიც აქცენტირებულნი არიან ინგლისურისა და სხვა უცხო ენების შესწავლაზე. ჩინელი მოსწავლეების საზღვარგარეთზე ორიენტაცია განპირობებულია პირველ რიგში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანსიების დეფიციტითა და უმაღლესში ჩაბარებისას აბიტურიენტებისათვის წაყენებული მკაცრი კრიტერიუმებით. განათლების ჩინურ სისტემას განსაზღვრავენ, როგორც პროგრამულს და სელექციურს. საშუალო ჩინელი ახალგაზრდის განათლების შემდგომ საფეხურზე გადასვლის ალბათობა მცირეა. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება დიდ მიღწევად ითვლება სკოლის დამთავრების შემდეგ: ზოგიერთ უნივერსიტეტში კონკურსი ერთ ადგილზე 200-300 აღწევს. ამასთან, რეალურად ნიჭიერი ახალგაზრდები დიდი შეღავათებით სარგებლობენ. 

პროფესიული ორიენტაციის მდგომარეობა საქართველოში

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან ერთად, საქართველოში წარმოიშვა პროფესიული ორიენტაციის სისტემის რეკონსტრუქციის აუცილებლობა. თანამედროვე ეტაპზე გამოკვეთილია შრომის ბაზრისა და ეკონომიკის ცალკეული დარგების პრობლემები, რასაც  სხვადასხვა მიზეზი აქვს:

- საბჭოთა პერიოდში საქართველოში პროფესიული ორიენტაციის სისტემა იმართებოდა საერთო ცენტრიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე, ხოლო გარდამავალ პერიოდში, რომელიც შოკური თერაპიის სცენარით წარიმართა, ითვლებოდა, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა ყველაფერს, მათ შორის კადრების მომზადებასა და პროფესიულ ორიენტაციას.

- ეკონომიკური ტრანსფორმაციის პერიოდში არ იყო საშუალება, სათანადო ყურადღება დათმობოდა პროფესიული ორიენტაციის პრობლემებს, რამაც პროფესიის არჩევის პირად პრობლემას სოციალური და საერთო ეროვნული ხასიათი შესძინა.

- შრომის ბაზარი და საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობა არ არის დაბალანსებული. კადრების მომზადება მიმდინარეობს ეკონომიკური საჭიროებების გაუთვალისწინებლად, არსებობს დიდი დისბალანსი მოთხოვნილ და დაწყებით, საშუალო, უმაღლესი სკოლების მიერ მომზადებულ კადრებს შორის.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა 2007 წლიდან დაიწყო. ევროკავშირის ხელშეწყობით ევროპის, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი სახელმწიფოები ჩართულნი არიან უწყვეტი განათლების პროგრამაში (Lifelong Learning Program), რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს უწყვეტი პროფესიული განათლების შესახებ კონსულტირება და კარიერის დაგეგმვის განვითარება წარმოადგენს.  2008 წელს შეიქმნა „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ერთ-ერთი მიზანი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მოდელის შექმნა იყო. 2010 წელს საქართველოს მთავრობის 13 ოქტომბრის №1329 დადგენილებით შეიქმნა პროფესიული განათლებისა და მომ­ზა­დების ეროვნული პროფესიული საბჭო, რომელმაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებით შეიმუშავა ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის სამუშაო აღწერილობა“ შესაბამისი სატრენინგო მოდულის თანხლებით. განხორციელდა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საშტატო ერთეულით გათვალისწინებული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებისა და საქართველოს მასშტაბით არსებული სამი საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების გადამზადება. მოცემული პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ქვეპროგრამის სახით შეიქმნა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ქვეპროგრამა“, რომლის პილოტირებაც მოხდა საქართველოს 100 სკოლაში. 2011 წელს, აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს მასშტაბით  საჯარო სკოლის 2000-მდე (IX, X, XI, XII კლასის) მოსწავლე იყო ჩართული.  აღნიშნულ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური, კერძოდ მანდატურის სამსახურის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს დაევალა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში პროფესიული ორიენტაციის გაუმჯობესების მიზნით, კერძოდ: სამინისტროსთან შეთანხმებით პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო სკოლებში პროფესიული ორიენტაციის სისტემის დანერგვა; პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამასთან დაკავშირებული აქტივობების კოორდინაცია და მონიტორინგი და ა.შ.

2012 წელს იწყება მანდატურის სამსახურის რეფორმა, 2013 წლის აპრილიდან კი გაიხსნა  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ასევე ჩაერთო სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონცეფციის განხორციელებაში.  2013 წელს დასრულდა აღნიშნული პროგრამის პირველი ფაზა. ამავე წელს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიცირებით „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო „მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და პროფესიის მაძიებელთათვის ხელმისაწვდომი, პროფორიენტაციული ონლაინ მომსახურების შეთავაზებაა. მოცემული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.myprofession.ge. ვებ-გვერდი ეხმარება დაინტერესებულ სუბიექტებს კარიერის დაგეგმვის, კარიერული განვითარებისა და პროფესიის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. 2014 წელს კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა“ საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რასაც ასევე მოჰყვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, სკოლის დამრიგებლებს დაევალათ საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კერძოდ IX კლასსა და XI ან XII კლასში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარება სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით. საქართველოში 2015 წელს განხორციელდა 900-ზე მეტი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის (მასწავლებელთა) გადამზადება. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში მომზადდა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე-9 კლასის პედაგოგებისთვის; შემუშავდა ტრენერთა ტრენინგის (TOT) მოდულები და მასალები, რის მიხედვითაც გადამზადდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის 73 სპეციალისტი. 2015-2016 სასწავლო წელს კი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა საქართველოში 944 საპილოტე სკოლაში მიმდინარეობდა [mandaturi.gov.ge, საგანმანთლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური].

ამრიგად,  პროფესიული ორიენტაციის ქართული მოდელი ფორმირების პროცესშია. ამ ეტაპზე პროფესიული ორიენტაციის სისტემის ძირითად ინსტრუმენტს სკოლა წარმოადგენს, პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ძალისხმევით და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით წარიმართება. 

დასკვნა

პროფესიული ორიენტაციის უცხოური გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ თანამედროვე მიდგომით პროფესიული ორიენტაცია განიხილება არა როგორც ცალკეული პიროვნების პრობლემა, არამედ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

პროფესიული ორიენტაციის ქართული მოდელი ფორმირების პროცესშია.  სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ახალგაზდების დახმარების არაერთი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა ჯერჯერობით  არ არის ჩამოყალიბებული მდგრადი სისტემა, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაში გრძელვადიანი რეალური შედეგების მომცემი იქნება. განხორციელებულ ღონისძიებებს თანმიმდევრული ხასიათი არ აქვს, ხშირად იცვლება მიდგომები და მარეგულირებელი წესები. შესაბამისად კადრების მომზადება მიმდინარეობს ეკონომიკური საჭიროებების გაუთვალისწინებლად.

ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის არსებული სისტემის გაუმჯობესების და პროფესიის არჩევანში დახმარების უფრო ქმედითი მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მიდგომები:

  • მომავალ პროფესიაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სკოლის ასაკში. შესაბამისად პროფესიულ ორიენტაციაში დახმარების პროგრამები კონცენტრირებული უნდა იყოს საშუალო სკოლის, ძირითადად  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე;
  • პროფესიულ ორიენტაციაში დახმარების პროგრამების შემუშავება და დანერგვა უნდა ეფუძნებოდეს ახალგაზრდების პროფესიულ ორიეანტაციაზე მოქმედი ფაქტორების კვლევის შედეგებს;
  •  ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაში დახმარების საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაში დახმარების პროგრამები და ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს საქართველოში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ გარემოს;
  • დაუშვებელია, პროფესიის არჩევაში დახმარების პროგრამებში ჩართული იყოს არასათანადო კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ადამიანები. აუცილებელია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც პროფესიული ორიენტაციის პროგრამებში უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების  ჩართულობა მკაცრად არის მოთხოვნილი;
  • პროფესიულ ორიენტაციაში დახმარების კონკრეტული ღინისძიებების საფუძველი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია შრომის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესახებ;
  • პროფესიული ორიენტაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიის არსზე, სამუშაო პირობებზე, პროფესიით დასაქმებულ ადამიანებზე და მათ შემოსავლებზე, პროფესიის მიხედვით კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებზე, სამედიცინო უკუჩვენებებზე, მონათესავე პროფესიებზე, სასწავლო დაწესებულებებზე, სადაც კონკრეტული პროფესიის დაუფლება შეიძლება და ა.შ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა, http://diversity.ge/files/files/prof.education-geo.pdf
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013-2014 წლის ანგარიში; http://mes.gov.ge/publicInfo/wpcontent/uploads/2013/12/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №74/ნ, 2010 წლის 20 აგვისტო.
  4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება 36/ნ2011,წლის 11 მარტი.
  5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის ანგარიში. http://mes.gov.ge/publicInfo/
  6. საგანმანთლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური http://mandaturi.gov.ge/index.php?page=3&news_id=216&lang=geo
  7. სოციალური მომსახურების სააგენტო. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5&info_id=1446
  8. American School Counselor Association. https://www.schoolcounselor.org/school-counselors-members/careers-roles/state-certification-requirements
  9. Career Guidance and Public Policy http://www.oecd.org/edu/innovation-education/34050171.pdf.
  10. Does Germany Need Labour Migration? http://focus-migration.hwwi.de/Does-Germany-Need-La.1197.0.html?&L=1
  11. Ebbinghaus, B., Eichhorst, W., 2006, Employment Regulation and Labor Market Policy in Germany, 1991-2005. Discussion Paper No. 2505, p.4.
  12. Employment of Foreign Workers in Germany https://www3.arbeitsagentur.de/web/wcm/idc/groups/public/documents/webdatei/mdaw/mtaw/~edisp/l6019022dstbai651347.pdf
  13. Holland, J. L., 1997. Making vocational choices: A theory of vocational personalities and work environments, 3rd ed. Odessa.
  14. Hughes, K. L., Karp M. M., 2004. School-Based Career Development: A Synthesis of the Literature, Institute on Education and the Economy Teachers College, Columbia University, p. 27.
  15. Jeckson, J. L., 2010, THEORETICAL COUNSELING ORIENTATION: AN INITIAL ASPECT OF PROFESSIONAL ORIENTATION AND IDENTITY, Alabama, p. 18.
  16. New Diections for Career Guidance and Japanese Youth http://www.works-i.com/pdf/r_000276.pdf.
  17. OECD REVIEW OF CAREER GUIDANCE POLICIES. https://www.oecd.org/unitedkingdom/4536941.pdf
  18. Parsons, F, Choosing a Vocation,  December 2008, www.leonardoevangelista.it.
  19. Shniper, L., 2008, A Comparison of Career Guidance Information in the US and Japan.
  20. Turchina, L.A., 2013, Feature of vocational orientation of studying young people in foreign countries, Scientific Notes of Taurida National V. I. Vernadsky University, Issues of Secondary and Higher School Education, Vol. 26 (65), No.1. – P. 216-227.
  21. Кожевникова, М. Н., 2009. Педагогические условия адаптации учащихся из КНР в процессе довузовской подготовки: Москва, с.154.
  22. Организация профориентационной работы за рубежом.  http://biglibrary.ru/category38/book118/part36/
  23. Федотова Е. Е., 2003, Теория и практика подготовки к занятости учащихся общеобразовательных школ и профессионально-технических учебных заведений зарубежных стран, Томск. с. 373
  24. Super, D. E., 1953, A Theory of Vocational Development. American Psychologist N8, p. 185-190.
  25. York University, Canada, Theories used in IS Research: Social Cognitive Theory, 2008, www.istheory.yorku.ca.

[1] კვლევა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ფუნდამენტური კვლევებისთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების ფარგლებში. გრანტის #217362